24 дек. 2011 г.

ფილონ ალექსანდრიელი – იუდაიზმის ელინურად გარდამთქმელი

ფილონ ალექსანდრიელი, რომელიც, ასევე, ფილონ იუდეველის და ფილონ ებრაელის სახელებით არის ცნობილი, იუდეველ–ელინისტი ფილოსოფოსი გახლდათ. ფილონი ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში არისტოკრატ იუდეველთა ოჯახში დაიბადა ჩვ. წ. აღ–მდე 25 წელს და სახელად იულიუს ფილონი დაარქვეს. ფილონი ჩვ. წ. აღ–ით დაახლოებით 50 წელს გარდაცივალა.

ფილონის წინაპრები და ოჯახი მოესწრნენ პტოლემეოსთა დინასტიას, სელევკიდთა იმპერიის მმართვლობას. მამამის ან ბაბუამისს რომის მოქალაქეობა თვით გაიუს იულიუს კეისარმა უბოძა. ფილონს ორი ძმა ჰყავდა – ალექსანდრე ალაბრახი და ლისიმაქე.

ფილონის წინაპრებს და ოჯახს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ იუდეის სამღვდელო წრეებთნ, ხაშმონელთა დინასტიასთან, ჰეროდეს დინასტიასთან და იულიუს–კლავდიუსის დინასტიასთან რომში. ფილონის ერთ–ერთი ძმისშვილი მარკუს იულიუს ალექსანდრე გახლდათ პირველი ქმარი ჰეროდეს ქალიშვილისა – ბერენიკე.

ფილონი იესო ნაზარეველის და მისი მოწააფების თნამედროვე იყო, მაგრამ თავის შრომებში არასოდეს იხსენიებს მათ. ფილონმა შესანიშნავად განისწავლა ელინისტურ, რომაულ, ეგვიპტურ კულტურაში, განსაკუთრებით კი, იუდაურ ტრადიციებში, ტრადიციულ იუდაურ ლიტერატურასა და ბერძნულ ფილოსოფიაში.

ელინიზმის გავლენა

თავის თხზულებებში ფილონი ფართოდ იყენებს მიდრაშს. ცნობილია, რომ ფილონმა, ერთხელ, იერუსალიმი მოილოცა. ქრისტიანობის წყალობით, ბერძნულ ორიგინალში ფილონის მრავალი ნაშრომი შემორჩა, რომლებიც ბიბლიის და ფილოსოფიის თემებს ეხება. რამდენიმე თხზულება კი მხოლოდ სომხურ ენაზეა შემორჩენილი.

ფილონი ფილოსოფიურ ალეგორიებს იყენებს ბერძნული ფილოსოფიის და ებრაული ტრადიციების შესაზავებლად და ჰარმონიაში მოსაყვანად. მისი მეთოდი ეფუძნება ებრაული ეკზეგეზის და სტოიკური ფილოსფიის ტრადიციებს.

ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მისმა კონცეფციამ ლოგოსის შესახებ საფუძველი დაუდო ადრექრისტიანულ მოძღვრებას. სხვა მეცნიერები, მართალია, ამ თეორიას უარყოფენ, მაგრამ ადასტურებენ, რომ ფილონიც და ადრექრისტიანებიც ერთი და იმავე წყაროთი სარგებლობდნენ. ფილონისთვის „სიტყვა“ ეს არის ღვთუს ნაკვალევი სამყაროში, წარმმართველი გეგმა.

ფილონი ძალიან ხშირად იყენებს ციტატებს ეპიკური პოემებიდან. ის კარგად იცნობს ბერძნულ ფილოსოფიას და აცნობიერებს, რომ ჭეშმარიტების სრულყოფილად შემეცნება მხოლოდ მეცნიერების ენციკლოპედიური განათლების გზით მიიღწევა. დუალისტური კონტრასტი ღმერთსა და სამყაროს შრის, ზღვრულსა და უსაზღვროს შორის, ჩანს პლატონიზმის და ნეო–პითაგორეანელობაშიც. სტოიციზმის გავლენა კრთის მისეულ დოქტრინაში ღმერთის, როგორც ერთადერთი ქმედითი მიზეზის შესახებ, რომ საღვთო გონება არის იმანენტური სამყაროში და საღვთო ძალები ღავსებენ სამყაროს ემანაციის გზით. ლოგოსის შესახებ დოქტრინა ბერძნული ფილოსოფიის მრავალ ელემენტს აერთიანებს. ეს დოქტრინა ეხმიანება პლატონის დოქტრინას იდეების შესახებ.

ფილონის სწავლება „შესაქმის შესახებ” თითქმის იდენტურია პლატონის დოქტრინისა. ის მჭიდროს მისდევს პლატონის „ტიმეოსს“, სადაც საუბარია სამყაროს უსასრულობასა და დაუსაბამობაზე. ფილონი შემოქმედებით ქმედებას, როგორც შესაქმის აქტს, დროის მიღმა განიხილავს, მსგავსად პლატონოსა, რომელიც ამბობს, რომ დრო სამყაროს შექმნასთან ერთად დაიწყო.

ფილონის სწავლება სხეულის, როგორც ყველა ბოროტების წყაროს შეზახებ მთლიანად ეხმიანება ნეო–პითაგორეანელობას. სულს ის აღიქვამს, როგორც საღვთო ემანაციას, მსგავსად პალტონის νοῦς ("გონი)–ისა.

ფილონმა თავისი ფილოსოფია აქცია ებრაული რელიგიური შეხედულებების დაცვის და გამართლების საშუალებად. იგი ამ შეხედულებებს განიხილავს, როგორც შეუვალს და შეუმცდარს. ფილონმა ბერძნული ფილოსოფიიდან აიღო ყველაფერი ის, რაც ებრაულ რელიგიურ შეხედულებებს ეხმიანებოდა, მაგალითად, არისტოტელეს დოქტრინა სამყაროს მარადიულობის და დაუშლელბის შესახებ.

მე–19 საუკუნეში გამოითქვა ვარაუდი, რომ ფილონმა რეალურად ქრისტიანობა დააარსა იუდაური საღვთისმეტყველო იდეების და ბერძნული მისტერიული რელიგიების კომბინირების გზით. ვარაუდობენ, რომ იესოს მიმდევრები სწორედ ფილონის პოსტულატებს დაეყრდნენ და ისინი ახალ აღთქმაში ჩააქსოვეს.

ორთოდოქსი ებრაელები შეუწყნარებლად თვლიდნენ ფილონ ალექსანდრიელის გადახრას ბერძნული ფილოსოფიისკენ. იოსებ ფლავიუსის გარდა, არცერთი ძველებრაული წყარო ფილონს არ იხსენიებს, მაგრამ ზოგიერთი მიდრაში მაინც განიციდს მის გავლენას. მხოლოდ მე–16 საუკუნეში გაიზარდა ინტერესი მისი პიროვნებისადმი. ფილონის იდეებმა ასახვა ჰპოვა შრომაში – “აზარია ბენ მოშე დეი როსი”.

ფილონ ალექსანდრიელის ფილოსოფიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნეოპლატონიზმის ჩამოყალიბებაში. ქრისტიანი ავტორებისთვის ფილონ ალექსანდრიელის შემოქმედება იქცა ებრაული და ბერძნულ–რომაული აზროვნების სინთეზის ნიმუშად, ხოლო მისი კონცეფიცია ლოგის შესახებ იქცა ფუძემდებლურ პრინციპად ქრისტიანული სწავლებისა იესოს, როგორც ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავლის შესახებ. აღსანიშნავია ლეგენდა ფილონის შეხვედრისა პეტრე და იოანე მოციქულებთან. პავლე მოციქულის ეპისტოლეები, განსაკუთრებით “ეპისტოლე ებრაელთა მიმართ“ სტილისტურ და იდეურ მსგავსებას ავლენს ფილონ ალექსანდრიელის შრომებთან. განსაკუთრებით დიდია ფილონის გავლენა ეკლესიის მამათა სწავლებებზე, მათ შორის, კლიმენტი ალექსანდრიელის, ორიგენეს და ამბროსი მედიოლანელის შრომებზე.

ფილონი ჩვ. წ. აღ–ით დაახლოებით 50 წელს გარდაცივალა.

Комментариев нет:

Отправить комментарий